სეფიეთის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია (V ს. )

სეფიეთის ეკლესია მდებარეობს აბაშა -მარტვილის აბაშიდან 12 კმ-ის დაშორებით. მას ორი დამოუკიდებელი ნაგებობის წაგრძელებული ფორმა აქვს, რადგან ერთმანეთზეა მიშენებული და წარმოადგენს ტიპურ სამნავიან ბაზილიკას. დასავლეთის ნაწილი შედარებით დაბალი ნაგებობაა და ქვის მსხვილი ფილებითაა ნაგები. კედელი უპროპორციოა, ხოლო მთვარი ნაგებობა ნაგებია ძველი ქართული აგურით და შიდაშიგ ქვის ფილებით.
დასავლეთის ნაწილს ტყეში ნაპოვნ ტაძრად მიიჩნევდნენ. მონადირე ტყეში დაჭრილ ირმის კვალს გასდევნებია და ეს ტაძარი უპოვია. შემდეგ აქ ჩამოსახლებულან ის და მისი ახლობლები, ხე-ტყე გაუჩეხავთ და მომრავლებულან. მოგვიანებით კი სოფელიც გაშენებულა. სოფლის მკვიდრთ ტაძარი გაუფართოებიათ და პატარა ნაგებობისათვის ეს დიდი ნაგებობა მიუშენებიათ.
სპეციალისტების განმარტებით, სეფიეთის ეკლესია მე-5 საუკუნის არქიტექტურული ნაგებობაა. და ლეგენდას შესაძლებელია რეალური საფუძველი ჰქონდეს. ,,სოფელი სეფიეთი მდ. აბაშის პირას მდებარეობს და ეს ადგილი წარმოადგენდა ირან -ბიზანტიის ბრძოლების ერთ-ერთ ასპარეზს.“, წერდა სერგი მაკალათია. ფეოდალურ ეპოქაში სეფიეთის ეკლესიისათვის საკმაო ყურადღება მიუქცევიათ იმდროინდელ საეკლესიო მმართველებს. ამაზე მეტყველებს ერთი წარწერა მე-16 საუკუნის აღმოსავლეთ ფანჯრის თავზე: ,,დახატა ეკლესია ესე კოპალაძემა ჭყონდიდელმა ზოსიმემ“; სვეტზე არსებული ხუცური წარწერა გვამცნობს: ,,ესე ჭილაძემა აბრამმა, მერმე ჭყონდიდელმა ზოსიმე კოპალაძემ დავახატვინე ესე ამინ“.
სეფიეთის ეკლესია ცნობილია თავისი უნიკალური ფრესკებით, მათგან აღსანიშნავია ნიშაში გამოსახული წმ. ნინოს ფრესკა. აქ ნაპოვნი ჯვრებითა და მზის გამოსახულებით შემკული სვეტისთავი (დაცულია მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში) ამ ტერიტორიაზე არსებულ ძველ ნაგებობას უნდა ეკუთვნოდეს. სეფიეთის მიდამოებში მრავალი შესანიშნავი ისტორიული ძეგლია ნაპოვნი. ,,1931წლის თებერვალში –წერს პროფ. სერგი მაკალათია, მიწის მოხვნის დროს იპოვეს თიხის კოჭობი რომაული მონეტებით სავსე. ე. წ. სეფიეთის განძი (განძის შემადგენლობაში იყო ტრაიანეს, ადრიანეს, ანტონინუს პიუსის, მარკუს ავრელიუსის და სხვათა მონეტები. განძის გვიანდელი მონეტა მოჭრილია 222 წელს ალექსანდერ სევერუსის სახელით).
ასევე ნაპოვნია ბრინჯაოს ჭურჭლის ყური, რაც ღვთაება მითრას კულტთან დაკავშირებული სარიტუალო ინვენტარი უნდა იყოს.
ბოლო დროს აღმოჩენილია ბერძნული წარწერები, რომლებიც საინტერესო ცნობებს ინახავენ.
ერთ-ერთი, ჰორიზონტალურად ჩაშენებული ქვის ბერძნული წარწერა ასე იშიფრება:
,,წმინდაო სტეფანე, ყოველთა წმინდათა თანა გვიშუამდგომლე“. ამ წარწერის მიხედვით არის ვარაუდი, რომ ეს ტაძარი ადრე ამ წმინდანის სახელობის უნდა ყოფილიყო. სეფიეთის ეკლესია უნიკალურია იმით, რომ ეგრის-ლაზიკის სამეფოს ეპოქის ნაგებობებიდან ერთადერთია გაგრის ეკლესიასთან ერთად, რომელიც სრული სახითაა შემორჩენილი.

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content