( მე-VII-მე-VIII ს.ს.; აღდგენილია – XV-XVI ს.ს.)
ტყვირის ეკლესია მდებარეობს ქ. აბაშის ცენტრიდან 10 კმ. დაშორებით მდ.რიონის მარჯვენა სანაპიროზე, ნასოფლარ ტყვირის ტერიტორიაზე, შუაგულ ყანასა და მინდვრებში.
ტყვირის ეკლესია ნაგებია ოთხკუთხა ჯვრის ფორმაზე, თითოეულ გვერდზე სწორკუთხედად წინ წამოწეული მცირე შვერილები ჯვრის ტოტებს ქმნიან. ეკლესიის ძირითად ნაწილს წამოდგმული აქვს მრავალკუთხედად ჩაკვეთილი გუმბათი, სადაც დატანებულია რვა ვიწრო სარკმელი. ტაძრის ნახევარი (ქვედა ნაწილი) ნაგებია კვადრატულად გათლილი ქვიშა ქვით. ზედა ნაწილი კი ქართული ბრტყელი აგურით. ტაძარს დასავლეთით და ჩრდილოეთით მიშენებული აქვს ქვით ნაგები ეკვდერები.
კედლებზე შემორჩენილია ლამაზი სვეტები და თაღედთა საყრდენები.
ტაძარს აქვს ქვედა სართული და საიდუმლო გვირაბი, რომელიც ტაძრიდან მიემართებოდა ცხენისწყლის ძველი კალაპოტისაკენ, სადაც ერთ დროს მდინარე ცხენისწყალი მიედინებოდა.
ტაძარზე არის ხუცური წარწერები. წარწერებში ხსენებულია საფეოდალო-საჭილაოს გამგებელთა სახელები. ტაძრის ამშენებელი ქველი ჭილაძე, ძმანი მისნი კახაბერ და ჩუბინ ჭილაძეები, მამა ამათი შედან ჭილაძე, მეუღლე შედანისა – კანდაკე. აქ ინახებოდა მრავალი ვერცხლის ძველებური ხატ-ჯვრები.
ტაძარი უნიკალურია იმითაც, აქ შემორჩენილია ,,მზის საათი“, რომელიც ამჟამად სამეგრელოს არც ერთ ეკლესიაში არაა დაცული. მზის საათი სამხრეთის კედელზე კეთდებოდა და იგი მზის დაშუქებით ლოცვის დროს განსაზღვრავდა.
ტყვირი ცენტრი იყო საფეოდალო-საჭილაოსი. ტყვირის ეკლესია კი კარის ეკლესია და საძვალე ჭილაძეებისა. საფეოდალო-საჭილაო მოიცავდა თანამედროვე აბაშის რაიონის ტერიტორიას ეკის მთამდე ( სენაკის რაიონი).
ბანძიდან ვიდრე საერისთავომდე (ჩოხატაურის რაიონის დასაწყისი) ჭილაძეების დინასტია უძლიერესი იყო მე-14- მე-16 საუკუნეებში, მე17 საუკუნიდან კი ნელ-ნელა ჩამოქვეითდნენ და ბოლოს საერთოდ დაკარგეს თავიანთი სამფლობელო. მათი ძლიერებისა და ძველი დიდების უტყვი მოწმეა ტყვირის, გულეიკარისა და ქორუბნის ეკლესიები. ტყვირის ეკლესიის დასავლეთ ეკვიდერში განისვენებენ პაპუნა
ჭილაძე და მეუღლე მისი- თამარი. ჩრდილოეთის ეკვიდერში კი იერემია ჭყონდიდელი ( მე-7 საუკუნე). ტყვირის ეკლესია 1913 წელს ინახულა ექვთიმე თაყაიშვილმა.