კადარის ერთნავიანი ბაზილიკა (XIVს.)

კადარის ერთნავიანი ბაზილიკა მდებარეობს ნასოფლარ კადარში, ძველი აბაშის თემში. ტოპონიმი კადარი ენათმეცნიერ პაატა ცხადაიას განმარტებით, მეგრული სიტყვაა და მზიან ფერდობს ნიშნავს. მართლაც, აქ ერთი საკმაოდ დიდი ფერდობია, რომელზეც 1949 წლამდე სოფელი იყო გაშენებული, რომელსაც კადარი ერქვა. კადარის მოსახლეობა იმჟამინდელი ხელისუფლების მითითებით ერთ ღამეში იქნა ასახლებული და ჩასახლებული აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის ტერიტორიაზე. სოფელ ძველი აბაშის მკვიდრთა თქმით, სოფელ კადარის მცხოვრებთა ასახლების შემდეგ ეს ტერიტორია მეზობელი რაიონის მწყემსებს უქირავებიათ საბალახოდ და ერთ ღამეს უკაცრიელ ეკლესიაში პირუტყვი შეურეკავთ. ტაძარი იმ ღამეს ჩაქცეულა.
2018 წლამდე იგი შემორჩენილი იყო ნანგრევების სახით, -საკურთხეველი და სამხრეთი კედელი. ამჟამად ეკლესია აღდგენილია. იგი 2019 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ იქნა რეაბილიტირებული/მთავარი დონორი ორგანიზაცია- „საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი“
(ფონდი „ქართუ“)/.
კადარის ეკლესია 1913 წელს მოუნახულებია ექვთიმე თაყაიშვილს. აი რას წერს ის: ,,სოფელი კადარი მდებარეობს შვიდი ვერსის მანძილზედ სადგურ ,,აბაშიდან“. აქ დაცულია ძველი ეკლესია, უგუმბათო, აგურით ნაშენი. ოთხკუთხედი გეგმისაა. უბრალო ბაზილიკა. სიგრძე 18 ადლი, განი 10 ადლი და 12 გოჯი. შესასვლელი აქვს სამხრეთით და დასავლეთით. ფანჯრები აქვს ხუთი. სამი აღმოსავლეთით და ორი დასავლეთით. გადახურულია ყავრით. სამხრეთით და დასავლეთით ეკლესიას ეკვდერები ჰქონია, მაგრამ მოუშლიათ. ყურადღებას იქცევს ჩუქურთმიანი ქვები, რომელნიც ჩაუტანებიათ სამხრეთის კარის შესასვლელში. ამ ჩუქურთმების მიხედვით ეს ეკლესია უნდა იყოს აშენებული არაუგვიანეს მე-14 საუკუნისა. შიგნითაც სულ მოხატული ყოფილა ადრე, მაგრამ ახლა უმეტესი ნაწილი მხატვრობისა ან სულ გაფუჭებულია ან შეთეთრებული. საკურთხეველში გამოსახულია მაცხოვარი და წმინდანები. დასავლეთისკენ ჩრდილოეთის კედლისა ყოფილა სურათები დადიანებისა, მაგრამ სურათები ძლიერ გაფუჭებულია. ძველი ხატები აქ არ არის დაცული (ამონარიდი1913 წლის არქეოლოგიური მოგზაურობიდან სამეგრელოში).

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content