სოფელი გულეიკარი მდებარეობს აბაშის რაიონში მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე, გურიის საზღვართან. ტაძარი წმინდა გიორგისა დგას სოფლის ცენტრში შემაღლებულ ადგილას. იგი ნაგებია თლილი, რუხი კვადრატული ქვებით. წარმოადგენს სამნავიან ბაზილიკას. ტაძრის საკურთხეველი მრგვალია, დატანებულია სამი საშუალო ზომის სარკმელი. ეკლესიას აქვს ძველი კარები. ტაძარი აშენებულია 1845 წელს დადიანების მმართველობის ხანაში, ადგილობრივი აზნაურების-ჭილაძეებისა და დადიანების თაოსნობით. ტაძრის გარეთა ერთ მხარეს გამოსახულია “ბორჯღალი” , მეორე მხარეს -დავითის ვარსკვლავი. ტაძარი 1913 წელს მოინახულა და აღწერა ექვთიმე თაყაიშვილმა. მისი ცნობით ამ ეკლესიაში ინახებოდა ვერცხლის სამი ხატი წმ. გიორგისა ,,გულოვან წმინდა გიორგიდ“ წოდებული, რომელიც ითვლებოდა სასწაულმოქმედად. მისივე აღწერით ვიგებთ, რომ ტაძარში ინახებოდა აგრეთვე ,,მურვან ყრუს ხმლად“ წოდებული რელიქვია. თაყაიშვილის აღწერით ,,ხმლის სიგრძეა 115 სანტიმეტრი. ტარი აქვს სპილოს ძვლისა ორი რკინის ზოლით შეკრული. ტარის ბოლოს რკინის გამოშვერილი ნაწილი თავდება გველის მსგავსი თავით. ზოლებზე და ქვემოთ გამოშვერილ ნაწილზე ტარის ბოლოს ოქროს ზარნიშია. ტარის ზემო მომრგვალებულ რკინისავე ნაწილზე ოქროსავე ზარნაშით მზეა გამოხატული. ხმალი არაბულ-სპარსული ხელობისა არის“.
ამ ხმლისა და სასწაულმოქმედი ხატის შესახებ დღემდეა შემორჩენილი ლეგენდა, რომელიც მურვან ყრუს ლაშქრობას უკავშირდება. ყველაზე ძველი ფორმა ლეგენდისა აღწერილი აქვს ამავე სოფლის მკვიდრს, შემდგომში მღვდელს, დომენტი ფირცხალავას, რომელსაც იგი გამოუქვეყნებია 1885 წლის 13 აპრილს გაზეთ დროებაში:
,,გულეიკარის ეკლესიაში მოსულა ცნობილი არაბი სარდალი მურვან-ყრუ, რომელსაც ტაძრის განადგურება უბრძანებია. „ მაშინ მომხდარა სასწაული,- წმ.გიორგის მურვან ყრუ უძრავად გაუშეშებია საყდარში. გარეთ გაჩენილა ვიღაც თეთრ ცხენზე ამხედრებული მხედარი და აუოხრებია მურვანის ლაშქარი. ,,როცა მურვან ყრუმ ეს ამბავი შეიტყო გამოსვლა სცადა, თუმცა ადგილიდან ვერ დაიძრა. ამის შემდეგ, მან წმ. გიორგის შესთხოვა „წმინდა გიორგი თუ მე გამიშვებ,მძევლად შემოგწირავ ჩემს ხმალსაო“ აუხსნია ხმალი და შეუწირავს. ამის შემდეგ, მურვანს შესძლებია მოძრაობა. ეს ხმალი ეხლაც არის, თუმც მოუვლელობით ჯანგს შეუჭამია.“ ხალხს წმინდა გიორგის ხატისათვის „გულოვანი“ უწოდებია, სოფლისთვის გულეიკარი, ამ მოვლენის აღსანიშნი ხატობის დღესასწაულისათვის კი „გულიერობა“. საუკუნეთა განმავლობაში მორწმუნე ერი ამ დღესასწაულზე ადიდებდა წმინდა სამებას და ძლევით შემოსილ გულეიკარის წმინდა გიორგის, პირსისხლიან მივრან (მურვან) – ყრუს უკუმქცეველს. 2017 წლიდან აღდგა ,,გულიერობის“ აღნიშვნის ტრადიცია.
აბაშის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრისა და გულეიკარის წმ. გიორგის ეკლესიის მოძღვრის დეკანოზ კონსტანტინე კაჭარავას იდეითა და მეოხებით მურვან ყრუს ხმლის ზუსტი ასლი ამჟამად ინახება გულეიკარის ეკლესიაში.