სუჯუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (XVIII-XIX ს.ს.)

ისტორიკოსისა და მხარეთმცოდნის გივი ელიავას გამოკვლევების მიხედვით:,,სუჯუნა’’ ოდესღაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი უნდა ყოფილიყო ,,ფაზის კოტაის სამდინარო და სახმელეთო გზაზე’’. სუჯუნის ცენტრში, სოფლის სასაფლაოს შუაგულში დგას წმ. გიორგის სახელზე აშენებული თეთრი თლილი ქვით ნაშენი სამნავიანი გუმბათოვანი ტაძარი, თეთრი თლილი ქვით ნაგები, გამორჩეული დახვეწილი არქიტექტურით, სუფთად და თანაბრად გადანაწილებული ქვათა წყობით, ორიგინალური ჩუქურთმებით. მისი მსგავსი მე–18, მე–19 საუკუნის ძეგლებში იშვიათად მოიძებნება.
ტაძარს სულ რაღაც ათიოდე მეტრით პატარა ღელე -მდინარე ,,ცუდღარი“ ჩაუდის, რომელზეც აგებულია ქვის ხიდი. ამ ხიდზე კი დგას ორსართულიანი, თითქმის ტაძრის სიმაღლის ქვისავე სამრეკლო. ტაძარიც და სამრეკლოც, როგორც საეკლესიო საბუთებიდან გაირკვა, აშენებულია 1845 წელს დადიანების მმართველობის ხანაში. სუჯუნაში ადრე ხის ტაძარი მდგარა, თანამედროვე ტაძრის დასავლეთით რამდენიმე მეტრში, რომელსაც 1921 წლამდე მოუღწევია, შემდეგ კი ბოლშევიკებს გაუნადგურებიათ.
სოფელი სუჯუნა დავით დადიანის დროს, მე-19 საუკუნის შუა წლებში წარმოადგენდა ოლქის ცენტრს. დავით დადიანმა სამეგრელო რამდენიმე მაზრად დაჰყო. ერთ-ერთი იყო სუჯუნის მაზრაც, რომელიც 29 სოფელს აერთიანებდა. სამეგრელოში რუსული მართვა-გამგეობის დამყარების შემდეგ სუჯუნა ,,საბლაღოჩინო ოკრუგის“ცენტრი იყო. აბაშის რაიონის ყველა ტაძარში სუჯუნაში აღზრდილი სასულიერო პირები მსახურებდნენ. აქ ხშირად სწირავდნენ სამეგრელოს ეპისკოპოსები.
1913 წელს სუჯუნის ტაძარი ინახულა დიდმა ქართველმა
მეცნიერმა ექვთიმე თაყაიშვილმა. მანვე აღწერა ტაძარი და მისი სიწმინდეები. მისი აღწერილობიდან ვიგებთ, რომ სუჯუნაში დაბრძანებული იყო ექვსი წმინდა გიორგის ვერცხლის ხატი. ამათგან ყველაზე მთავარი და ძველი იყო თავი ხატი სუჯუნის წმ. გიორგისა, ზომით 67 46სმ. სუჯუნის ეს ხატი თაყაიშვილის სიტყვებით ,,ძირძველი უნდა იყოს“.
ისტორიკოს-ეთნოგრაფ სერგი მაკალათიას ნაშრომიდან ,,სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“ ვიგებთ, რომ სუჯუნის წმ. გიორგის ხატი დიდად განთქმული ყოფილა სამეგრელოში. ხატობა იმართებოდა 23 აპრილს (ახ. სტილით 6 მაისი).
ამ დღეს აქ უამრავი ხალხი მოდიოდა სალოცავად, მოჰყავდათ უთვალავი პირუტყვი შესაწირად. ეს ხატი ითვლებოდა სულით ავადმყოფთა და სნეულთა მკურნალად. სუჯუნაში ინახებოდა წმ. გიორგის ნაწილები, კერძოდ, თითი და წმ. გიორგის ყურის ნაწილიც. ამიტომაც სუჯუნის წმ. გიორგი ითვლებოდა შემსმენ (,,მომარჩქილარ“) ხატად, რასაც შესთხოვ შეისმენსო, -ამბობდნენ. სუჯუნაში სცოდნიათ ქადაგად დაცემაც.
გასაბჭოების შემდეგ ტაძარი გაიძარცვა, ძვირფასი ხატები მუზეუმს გადასცეს. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ტაძარი მაინც მოქმედებდა. სუჯუნის ეკლესიის ბოლო მღვდელი ყოფილა მამა პეტრე კუცია, რომელმაც ანაფორა არ გაიხადა და მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, სიკვდილამდე უმწიკვლოდ მსახურებდა უფალს. გარდაიცვალა 1950 წელს. მას შემდეგ სუჯუნის ეკლესია უმოქმედოდ იყო.
მეორე მსოფლიო ომის დროს სუჯუნაში მეზღვაურთა ასეული მდგარა. ეს ასეული ეკლესიის შენობაში განუთავსებიათ. ეკლესიის ეზოში სასროლეთი ყოფილა მოწყობილი, სამიზნე, რასაკვირველია, ეკლესია იყო. ახლაც მრავლად ატყვია ტაძარს, გუმბათს და ჯვრის სიმრგვალეს ნატყვიარები
1889 წელს სოფლის მოსახლეობის მოთხოვნით შესაძლებელი გახდა სუჯუნის ტაძრის კვლავ ამოქმედება. იმავე წლის ზაფხულში ტაძარი მოინახულა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ….
მიუხედავად ისტორიის ქარტეხილებისა, სუჯუნის ტაძარმა თავისი ადგილი დაიმკვიდრა არა მარტო ჭყონდიდის ეპარქიაში, არამედ ქართული ეკლესიის სივრცეშიც.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content