აბაშის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება – მარტვილის, აღმოსავლეთით სამტრედიის, სამხრეთით სამტრედიისა და ლანჩხუთის, დასავლეთით სენაკის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ტერიტორია ზღვის დონიდან 20-50 მ სიმაღლის ვაკე-დაბლობია, აგებულია მეოთხეული ნალექებით (რიყნარით, ქვიშებით, თიხებით), უმაღლესი ადგილია სოფ. სეფიეთის მიდამოები

ადმინისტრაციული ცენტრი: ქალაქი აბაშა
ფართობი – 322,5 კვ.კმ
კლიმატი – ნოტიო სუბტროპიკული
ქალაქი – 1
სოფელი – 40
მანძილი თბილისამდე – 280 კმ
მანძილი ზუგდიდამდე – 55 კმ
უახლოესი პორტი ქალაქი ფოთი – 50 კმ
უახლოესი რკინიგზის სადგური – ქ. აბაშა
უახლოესი აეროპორტი-ქუთაისი (კოპიტნარი) – 32 კმ

მოსახლეობა: (დევნილთა ჩათვლით) – 28707 კაცი
მათ შორის:
ქალაქის მოსახლეობა – 6500 კაცი
სოფლის მოსახლეობა – 22277 კაცი
ქალი – 15205
მამაკაცი – 13502
მოსახლეობის ეროვნული შემადგენელობა:
1) ქართველი – 99,6 %
2) სხვა დანარჩენი – 0,4 %

საავტომობილო გზების სიგრძე:
სახელმწიფო მნიშვნელობის გზა:62,7 კმ
ადგილობრივი მნიშვნელობის გზა:182 კმ

ჰავა მუნიციპალიტეტში ნოტიო სუბტროპიკულია, საშუალო წლიური ტემპერატურაა – 14 გრადუსი, იანვრის ტემპერატურა – 4,9 გრადუსი, ივლისის – 22,9 გრადუსი. ნალექების წლიური რაოდენობაა 1620 მმ, გაზაფხულზე იცის მოულოდნელი ყინვები. ზაფხული ზოგჯერ გვალვიანია. ქარები მუსონურია, ხშირია ფიონები და ბრიზები.
ჰიდროგრაფიული ქსელით მუნიციპალიტეტი მდიდარია. აქ უმეტესად მოცემულია მდინარეთა ქვემო დინებები. საზრდოობა შერეული ხასიათისაა. წყალდიდობა ახასიათებთ გაზაფხულზე, წყალმცირობა ზამთარში. მდინარეებიდან აღსანიშნავია: რიონი, ცხენისწყალი, აბაშა. მცირე მდინარეებია: ნოღელა, კოვზა, ზანა. აბაშის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ”სირიაჩქონის” ჭაობია.
ნიადაგები ძირითადად ალუვიურ-კარბონატულია. რიონის მარცხენა სანაპიროზე კი ჭაობიანი ნიადაგებია.
მცენარეული საფარი კოლხური ტიპისაა. ხის ჯიშებიდან გვხვდება: მურყანი, ჭალის მუხა, თელა, წიფელი, ლეშამბო.
ცხოველთა სამყარო მრავალფეროვანია, გვხვდება ტურა, მელა, მაჩვი, კვერნა. მცირე რაოდენობითაა გარეული ღორი, შველი, ხოხობი, რომელთა დასაცავად რიონის პირას შექმნილია კაცობურის აღკვეთილი.
ისტორია: უძველესი დასავლეთ ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანება – კოლხეთი ძველი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცივილიზებული ქვეყანა იყო.
”კოლხეთი, იბერიასთან ერთად შეადგენდა იმ ნიადაგს, რომელზედაც შენდებოდა ქართული ფეოდალური სახელმწიფოებრიობა” – წერდა აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია.
კოლხეთის ცენტრალური ნაწილი მდებარეობს რიონისპირეთში, მის ორივე მხარეზე გაშლილ ჭალებსა და განსაკუთრებით მის მარჯვენა სანაპიროზე.
რიონისპირეთი ხასიათდება ნაყოფიერი ნიადაგით, სადაც საუკუნეების მანძილზე კოლხები და ლაზები ეწეოდნე მიწათმოქმედებას; განვითარებული იყო მეტალურგია, ხელოსნობა, ვაჭრობა, დუღდა საქალაქო ცხოვრება. აქ გადიოდა ”ჯვეში შარები” (ძველი სახმელეთო გზები): ფოთი – ქუთაისისა და ციხისძირ-ჭყონდიდისაკენ. ეს გზაჯვარედინი ერთმანეთს კვეთდა შუა ქალაქში (ამჟამინდელი აბაშის მუნიციპალიტეტის ნაესაკოვოს თემის ტერიტორია). ამ გზის გასწყვრივ მდინარე ფაზისზე მდებარეობდა ძველი სამდინარო გზა, ე.წ. ინდოეთის სავაჭრო გზა. სწორედ რიონისპირა კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს აბაშის მუნიციპალიტეტი.
სიტყვა ”აბაშა” არაბულიდან მომდინარეობს. მის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს; ერთერთის თანახმად, მტერს მდინარე აბაშის გადალახვა სურდა, მაგრამ მდინარე ადიდებულა და არაბები თურმე ერთმანეთს უყვიროდნენ: ”აბა-შა” – ”უკან დავიხიოთ”-ო.
”ქართლის ცხოვრება” მოგვითხრობს: ანაკოფიასთან ძლეული მურვან-ყრუ დაბანაკდა ციხე გოჯთან. კოკისპირული წვიმა მოსულა ისეთი, რომ ორი მდინარე – დღევანდელი აბაშა და ცხენისწყალი გაუერთიანებია – ”წყალთა მათ ზედა ორთა, მსგავსად ერთისა”. ერთმა მდინარემ დაახრჩო 23 000 ქვეითი მურვანის ლაშქარში მყოფი ეთიოპიური წარმოშობის ”აბაშ”-თა ტომისა, მეორე მდინარემ კი წაიღო 35 000 ცხენი და ”ამიერთაგან სახელი ედვა მათ მდინარეთა, ერთსა ”აბაშა”, ერთსა ”ცხენისწყალი””. ეს ყველაფერი მომხდარა ამჟამინდელი ძვ. აბაშის თემის ტერიტორიაზე.
აბაშის რაიონი 1917 წლამდე ქუთაისის გუბერნიის სენაკის მაზრაში შედიოდა, 1917-20 წ.წ. სენაკის მაზრაში, ხოლო 1930 წელს ადმინისტრაციული-ტერიტორიული დაყოფით გამოეყო სენაკის მაზრას, როგორც ცალკე რაიონი. 1963-66 წ.წ. შედიოდა გეგეჭკორის რაიონის შემადგენლობაში. 1966 წელს კვლავ გამოეყო ახლანდელ საზღვრებში.
აბაშის რაიონი მდიდარია ისტორიული ძეგლებით: სეფიეთის სამნავიანი ბაზილიკა (მე-5 ს.), ტყვირის მაცხოვრის ეკლესია (მე-7- მე-8 ს.ს. და აღდგენილია მე-15-მე-16 ს.ს.), კადარის ერთნავიანი ბაზილიკა (მე-14 ს.), გულეიკარის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია (მე-17, მე-18 სს.), სუჯუნის წმ. გიორგის ეკლესია (მე-18-მე-19ს.ს.).

სოფლის მეურნეობა:
აბაშის მუნიციპალიტეტი თავისი განვითარებით აგრარულ რაიონს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტის ძირითადი რესურსია მიწა. სასოფლო-სამეურნეო სავარგულები შეადგენს 20754 ჰექტარს, მათ შორის 12791 ჰა სახნავი მიწებია, 6235 ჰა საძოვარი, ხოლო 1728 ჰა მრავალწლიანი ნარგავები.
მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ძირითად მიმართულებად აღებული აქვს მემცენარეობისა და მეცხოველეობის განვითარება, რასაც ძირითადად აღწევს სახნავი და საძოვარი ფართობების მაქსიმალური ათვისებით.
მემცენარეობიდან მნიშვენელოვანი ადგილი უკავია მარცვლეულ კულტურებს (ძირითადად სიმინდი და სოიო). მრავალწლიანი ნარგავებიდან – თხილსა და დაფნას.
მუნიციპალიტეტში დიდი რესურსი არსებობს სოფლის მეურნეობის განვითარების სახით, რაც სათანადო ხელშეწყობის შემთხვევაში ძლიერი დარგის ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა. მუნიციპალიტეტი ასევე მდიდარია საშენი ინერტული მასალებით: ქვიშით და ღორღით.

მუზეუმები:
1) კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი, აბაშა, სოფ. ძვ. აბაშა.
2) სიმონ ჩიქოვანის სახლ-მუზეუმი, აბაშა, სოფ. ნაესაკოვო.

საკურორტო და ტურიზმის რესურსები:
თანამედროვე ეტაპზე მუნიციპალიტეტში საკურორტო მეურნეობა და ტურიზმი არ არის განვითარებული, თუმცა სათანადო ხელშეწყობის შემთხვევაში დარგის განვითარების ყველა პირობა არსებობს.