კონფერენცია – „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“

დღეს, აბაშის მუნიციპალიტეტში, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში სოხუმის დაცემის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი), სამღვდელოებასთან ერთად გადაიხადა.
სოხუმის დაცემის დღეს მიეძღვნა კონფერენცია- „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“. ქალაქ აბაშის N1, N2, მარნის, პირველი მაისის, წყემისა და ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკონკურსო თემები. კონკურსში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები.
აფხაზეთისა და ამ დღის შესახებ ისაუბრეს: ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი), დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის იურისტმა კობა გაბელაიამ.
„27 სექტემბერი ერთ-ერთი უმძიმესი დღეა თითოეული ქართველისათვის, სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა. ეს არის დღე, რომელიც არასოდეს უნდა მიეცეს დავიწყებას. უფლის ნებით, ჯვართამაღლების დღის მადლით, ერთიანი ძალისხმევით, სწორი მიდგომებით, მჯერა, სიყვარულით ვიპოვით გზას აფხაზეთისკენ. აფხაზებთან მშვიდობას და მეგობრობას, ალტერნატივა არ გააჩნია. აფხაზებმა, ქართველებმა, ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, სამართლიან, ევროპულ, განათლებულ სახელმწიფოში,“-აღნიშნა გიგა გაბელაიამ.
კონფერენციის დასასრულს გაიმართა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ხელოვნების სკოლის მოსწავლეები, კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ჯარგვალი“.
„დიახ, ეს დღე მძიმეა, მაგრამ არსებობს ტკივილზე უფრო ძლიერი გრძნობა-სიყვარული, რომელსაც აქვს ძალა, აშენოს ის, რასაც სიძულვილი ანგრევს. არსებობს სიმძიმეზე უფრო ძლიერი სიტყვა: „მიყვარხარ“…“-ეს არის ამონარიდი აფხაზი თანატოლებისადმი მიძღვნილი მიმართვიდან, რომელიც მეორე საჯარო სკოლის მოსწავლემ, ნანა შონიამ წაიკითხა.
ღონისძიება მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content