დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, სენაკის ტექნოპარკის მენეჯერს, თამარ მალანიას შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს სენაკის ტექნოპარკში დაგეგმილი პროექტების შესახებ, აბაშის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის როლზე რეგიონის ინოვაციური ეკოსისტემის მშენებლობის პროცესში.
შეხვედრაზე საფუძველი ჩაეყარა ორმხრივ თანამშრომლობას.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, ტექნოპარკის მენეჯერს, თამარ მალანიას ახალგაზრდების ინტერესებზე მორგებული პროექტების განხორციელებისა და განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის მერიის მიერ დაწესებული, მწერალ-აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას საპატიო ჯილდო გადასცა.
დღესვე, სენაკის ტექნოპარკის წარმომადგენლები აბაშელ ახალგაზრდებს შეხვდნენ, სადაც ისაუბრეს 19-24 სექტემბერს სენაკის ტექნოპარკში დაგეგმილი ელექტრონიკის კვირეულის შესახებ. კვირეულში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სტუდენტები და მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.
მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ: ელექტრონული კომპონენტების საფუძვლებს, ინოვაციურ მეწარმეობას, ჭკვიანი მოწყობილობების შექმნის საფუძვლებს.
ტექნოპარკის მიზანია, დახმარება გაუწიოს ადგილობრივ მოსახლეობას, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და მუნიციპალიტეტს გამოიყენონ აქამდე რთულად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით; ახალგაზრდების ჩართულობა და მათი ცოდნის ამაღლება, როგორ შექმნან სტარტაპი, რა ეტაპები უნდა გაიარონ იმისთვის, რომ ბიზნესმენებად ჩამოყალიბდნენ და წარმატებას მიაღწიონ.