100 წლის გოგუცა მირცხულავა-გვაზავა საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი გახდა

აბაშის მუნიციპალიტეტის, ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები 100 წლის გოგუცა მირცხულავა-გვაზავა საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი გახდა.
ეს არის პირველი შემთხვევა, მწერალთა კავშირის ისტორიაში, როდესაც 100 წლის პიროვნებამ წევრობის მანდატი მიიღო.
საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის მანდატი ქალბატონ გოგუცას, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარემ, შალვა ქარჩავამ და საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის აბაშის რეგიონული განყოფილების თავმჯდომარემ, ხათუნა ცომაიამ გადასცეს და ეს მნიშვნელოვანი მოვლენა მიულოცეს.
„ვულოცავ ქალბატონ გოგუცას მწერალთა კავშირის წევრობას, მჯერა, თავისი შემოქმედებით კვლავ ბევრჯერ გაახარებს მკითხველს და აზიარებს პოეზიის მადლს. ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა, დაფასდა მისი ნიჭი, შრომა და განვლილი გზა. ქალბატონი გოგუცა მაგალითია ახალგაზრდებისთვის, მომავალი თაობებისთვის, მისი ცხოვრების ფურცლებზე თავდაუზოგავი შრომა, რთული და ნათელი დღეებიცაა, დევნილობის მძიმე წლებიც, თუმცა მისმა სიმტკიცემ, შემართებამ, სიცოცხლისა და მომავალი თაობების სიყვარულმა მნიშვნელოვანი, ნათელი კვალი დატოვა, ვუსურვებ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, ნაყოფიერ შემოქმედებას, აქვე მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებსაც წვლილი მიუძღვით, რომ ეს საოცარი ქალბატონი მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი გამხდარიყო“,-აღნიშნა გიგა გაბელაიამ.
ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები გამორჩეული მედიკოსი, გოგუცა მირცხულავა-გვაზავა მეორე მსოფლიო ომის დროს გალის რაიონში 8 სოფელს ემსახურებოდა, წლების განმავლობაში მუშაობდა ტყვარჩელში, შესანიშნავად მღეროდა, ხელმძღვანელობდა სოფლების, ნაბაკევისა და ბარღების სასკოლო გუნდებს, დღესაც უკრავს მუსიკალურ ინსტრუმენტებზე, ქსოვს, კერავს, წერს ლექსებს. სოფლის ბიბლიოთეკის აქტიური სტუმარია, არის 4 შვილის, 10 შვილიშვილისა და შვილთაშვილების ბებია.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content