აბაშის მუნიციპალიტეტში, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მიმდებარედ, თავისუფლების ქუჩაზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს ძალისხმევითა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერის, გიგა გაბელაიას ინიციატივით, აღიმართება ნიში, რომელზეც განთავსდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოზაიკაში შესრულებული ხატი.
დღეს მეუფე სტეფანემ სამღვდელოებასთან ერთად აკურთხა ნიშის საძირკველი და ღვთისმშობლის საჯანმრთელო პარაკლისი გადაიხადა.
„სახელითა მამისათა და ძისა და სულისა წმინდისათა, წმიდა ესე ხატი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა აღიმართა ღვთივ დაცულსა ქალაქსა აბაშასა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II ლოცვა-კურთხევითა და ჭყონდიდის მიტროპოლიტის სტეფანეს ძალისხმევითა და აბაშის მერის, გიორგი გაბელაიას თაოსნობით, ჭყონდიდის ეპარქიის სამღვდელოებისა და მრევლის თანდასწრებითა და ლოცვით. 8 ოქტომბერსა 2024 წ“,-წერია სიმბოლურ კაფსულაში, რომელიც დღეს ნიშის საძირკველში ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ და აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ ჩადეს.
ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები მრევლთან ერთად ესწრებოდნენ.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ნიშის მოწყობა უახლოეს დღეებში დაიწყება.