აბაშაში 2008 წლის ომის გმირებს პატივი მიაგეს

2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა.
აბაშის მუნიციპალიტეტში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
სოფელ ონტოფოში, წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის მოძღვარმა, მამა გიორგიმ, დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა, სოფელ ონტოფოში, ვაზიანის სამხედრო ბაზის იურისტის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანის, უფროსი ლეიტენანტის, გიორგი ნადარეიშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში აბაშის მუნიციპალიტეტიდან ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა:
უფროსი ლეიტენანტი გიორგი ნადარეიშვილი და ვაზიანის მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის მე-2 მსუბუქი ქვეითი ასეულის მეთაური, უფროსი ლეიტენანტი სერგო მელია, რომელიც ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანია.
სერგო მელია თბილისში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული.
დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, 2008 წლის რუსეთ – საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან სახელმწიფო დროშა დაეშვა.

Skip to content