აბაშის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მიმდინარეობს. ღონისძიება აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის, ა(ა)იპ „აბაშის სპორტის განვითარების ცენტრისა“ და ა(ა)იპ აბაშის საფეხბურთო კლუბი ,,ზანას“ მხარდაჭერით იმართება და მიზნად ისახავს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
ოლიმპიადის ფარგლებში უკვე ჩატარდა მუნიციპალური თამაშები მძლეოსნობაში, დღეს კი მინი ფეხბურთის ტურნირი გაიმართა, რომელშიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით 14 გუნდი მონაწილეობდა.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები კვლავ გაგრძელდება. გამარჯვებული გუნდები შესაბამისი თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან, ხოლო მუნიციპალურ ეტაპზე გამარჯვებული გუნდები რეგიონულ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ხელს უწყობს ახალგაზრდებში სპორტული ინტერესების განვითარებას, ახალი შესაძლებლობების გამოვლენასა და აქტიური, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.



