ორდღიანი შეხვედრა, რომელიც ათეასა და აბაშის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში მოეწყო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში (CEMR) საქართველოს ეროვნულმა კოორდინატორმა, ნათია ღვინაშვილმა, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, ასევე, რესურსცენტრის, საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლებთან, შსს აბაშის სამმართველოს არასრულწლოვანთა ინსპექტორ-გამომძიებელთან სემინარი გამართა.
ორდღიანი შეხვედრა, რომელიც ათეასა და აბაშის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში მოეწყო, გენდერული თანასწორობის, ბავშვთა უფლებებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხებზე მონაწილეთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ჩატარდა.
მიწვეულ ექსპერტთან ერთად, შეხვედრა, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გელა ხოშტარიამ გახსნეს.
ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა, ათეასთან თანამშრომლობისა და ტრენინგის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ ანალოგიური შეხვედრები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტს ადგილობრივ დონეზე არსებული გამოწვევების გაანალიზებასა და პრაქტიკული ინსტრუმენტების განვითარებაში.
შეხვედრის ძირითადი ნაწილი ჯგუფურ სამუშაოებს მოიცავდა, რომლებიც დისკრიმინაციისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ ცოდნის გაღრმავებას, ადამიანის უფლებებისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების მიმართულებით სამართლებრივი კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობას, ასევე, სიტუაციის ანალიზისა და დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევების განვითარებას ისახავდა მიზნად.
ტრენინგს, რომელიც 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, აბაშის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სფეროს 60-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content