აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში წარჩინებული კურსდამთავრებულების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა.
მედლები წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მერაბ მიგინეიშვილმა გადასცეს.
აბაშის მუნიციპალიტეტს 2020-2021 წლის სკოლის 19 ოქროსა და 3 ვერცხლის მედალოსანი კურსადმთავრებული ჰყავს.
„საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის“ სამკერდე ნიშანი გადაეცა სოფელ ეწერის საჯარო სკოლის პედაგოგს, ქალბატონ დოდო გაბელაიას. დამსახურებული ჯილდო მას მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და გამორჩეული პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გადაეცა.
„გილოცავთ ამ მნიშვნელოვან წარმატებას, საამაყოა, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტს ბევრი განათლებული და წარმატებული ახალგაზრდა ჰყავს, დარწმუნებული ვარ, მომავალი თაობა ყველაფერს გააკეთებს მუნიციპალიტეტის, რეგიონის, ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის.
ვულოცავ ქალბატონ დოდოს ამ ჯილდოს, რომელიც თავისი პროფესიონალიზმით, განათლებითა და ახალგაზრდებისადმი სიყვარულით დაიმსახურა.
ასევე ვულოცავ სკოლას, პედაგოგებს, მშობლებს, თქვენი წარმატება მათი დიდი დამსახურებაა.
თქვენი ენერგია, ინტელექტი სჭირდება ჩვენი ერის მომავალს, გისურვებთ, წარმატებით გაგევლოთ ეს ბედნიერი ხანა.
განათლებაზე ზრუნვა მთავრობის სტრატეგიული პრიორიტეტია, უპრეცედენტოა პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომელიც 800 სკოლის რეაბილიტაცია-აშენებას შეეხება. ამ მიმართულებით აბაშის მუნიციპალიტეტში არაერთი პროექტი განხორციელდება, უმნიშვნელოვანესია მეორე საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობა. პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს“,_აღნიშნა გიგა გაბელაიამ.
შეხვედრას ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, პედაგოგები, სკოლის დირექტორები, მშობლები.