სათემო ფორუმი-2023

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, პროგრამის, „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში გამართულ სათემო ფორუმს, მერიისა და აბაშის რესურსცენტრის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
2023 წლის შემაჯამებელი სათემო ფორუმი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა ნინო ანთაძემ და შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამების ხელმძღვანელმა ხათუნა ზალდასტანიშვილმა გახსნეს.
შემაჯამებელი ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში გეოლოგიური, ჰიდრომეტეოროლოგიური და აგრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ ისაუბრა მუნიციპალიტეტში დასრულებულ და დაგეგმილ ნაპირსამაგრ სამუშაოებზე, საფრთხეებზე, მართვის გეგმებზე, ნაპირდაცვით ღონისძიებებზე.
სათემო ფორუმში 13 სამიზნე მუნიციპალიტეტის (გორი, თელავი, ახმეტა, სიღნაღი, ლაგოდეხი, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ქობულეთი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ლანჩხუთი) მერიების, საკრებულოების, სათემო და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
პროგრამა, „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“, დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის და შვედეთის მთავრობის მიერ, მის განხორცილებას კი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content