14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა

14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით, აბაშის ბავშვთა გასართობ ცენტრ – ,,მინიონში ” გასართობი შოუ-პროგრამა მოეწყო სსსმ ბავშვებისათვის და აბაშის შშმ ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარებისათვის.
ღონისძიებაში ყველა საჯარო სკოლის სსსმ მოსწავლე მონაწილეობდა.
სსსმ ბავშვებს, მშობლებს, მასწავლებლებს მიესალმა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ. მერთან ერთად ღონისძიებას შეუერთდნენ მერის მოადგილე, გიგა ჯვარელია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, მამუკა თელია, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, გიორგი თოფურია.
შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით აღინიშნა.
14 ივნისი, საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღედ, 2000 წელს გამოცხადდა. ამ დღის მიზანია, შშმ პირთა სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალური სოციალური პროგრამების ფარგლებში მოქმედებს შშმ პირთათვის განკუთვნილი მიზნობრივი პროგრამები, აღნიშნული პროგრამები ითვალისწინებს წელიწადში ერთჯერადად ფულად დახმარებას.
1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამა.
2. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის (I ჯგუფი)მქონე პირების დახმარების პროგრამა.
3. ყრუ-მუნჯებისა და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეების დახმარების პროგრამა.
4. დიალიზის პროგრამაში მონაწილე ავადმყოფთა მგზავრობის პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს მიკუთვნებული აქვთ შშმ პირის სტატუსი, ფინანსურ დახმარებას იღებენ ყოველთვიურად.
5. ,,შშმ ბავშვთა დღის ცენტრის მომსახურებით მოსარგებლე ბავშვთა ხელშეწყობის პროგრამით“- გათვალისწინებულია შშმ ბავშვთა ოჯახების ფინანსური დახმარება ყოველ კვარტალურად.
6. ,,მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში, სამედიცინო მომსახურებასთან ერთად, შესაძლებელია ბავშვების (0-დან 18 წლამდე ) და შშმ პირების დაფინანსება, რომლებიც საჭიროებენ აბილიტაციას/რეაბილიტაციას სპეციალიზირებულ ან სამედიცინო დაწესებულებებში.
ასევე, მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო და დამტკიცებულია ,,აბაშის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2024 წლის სამოქმედო გეგმა“.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content