აბაშის მუნიციპალიტეტში, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით პროექტები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება.
კეთილარის ადმინისტრაციულ ერთეულში, საბავშვო ბაღის, სოფელ გულეიკარში კი ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებთან ერთად სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
სოფელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 50 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი ექნება, მოეწყობა ბავშვთა სათამაშო და საძინებელი ოთახები, სველი წერტილები, ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარით.
ასევე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 30 მოსწავლეზე გათვლილი დაწყებითი სკოლა ექნება სოფელ გულეიკარს. პროექტის თანახმად სკოლის ეზო კეთილმოეწყობა, იქნება ბიბლიოთეკა, შენობა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის – მოეწყობა პანდუსი, ადაპტირებული სველი წერტილები.
სოფელ გულეიკარის დაწყებითი სკოლის შენობა ავარიული იყო, წლების განმავლობაში სასწავლო პროცესი ალტერნატიულ ფართში მიმდინარეობდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსწავლეები უკვე კეთილმოწყობილი სასკოლო ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.
აბაშის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს კიდევ 3, სუჯუნის, სამიქაოსა და ნაესაკოვოს საბავშვო ბაღის მშენებლობა, სრული რეაბილიტაცია უტარდება სამ საბავშვო ბაღს. ასევე მიმდინარეობს სამი სკოლის სრული რეაბილიტაცია. დაგეგმილია კიდევ ერთი ახალი სკოლის მშენებლობა. პროექტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო და მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.













