სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი ყველა საბავშვო ბაღში განახლდა

აბაშის მუნიციპალიტეტში სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი ყველა საბავშვო ბაღში განახლდა.
ბაღები უზრუნველყოფილია კვების პროდუქტებით, სათანადო სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით, პერსონალთა კარადებით, სხვა ყველა საჭირო ინვენტარით. მოწესრიგებულია სველი წერტილები და სამზარეულოები.
აბაშის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში 415-მდე აღსაზრდელი ირიცხება. ბაღები დაკომპლექტებულია შესაბამისი კადრებით, ყველა აღმზრდელ-პედაგოგი გადამზადებულია.
მიმდინარეობს ქალაქ აბაშის N1 ბაგა-ბაღის, სოფელ მაიდნის და სოფელ მარნის საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. სამუშაოები სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, შეიცვლება სახურავი და კომუნიკაციები, დამონტაჟდება ახალი გათბობის სისტემა, მოეწყობა ეზო და ატრაქციონები, ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის და გათვალისწინებული იქნება ბავშვთა უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები.
იმ საბავშვო ბაღების აღსაზრდელები, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, მშობლების სურვილისამებრ გადანაწილებულები არიან ახლო მდებარე ბაღებში.
მნიშვნელოვანია, რომ სამიქაოში, კეთილარში, ნაესაკოვოსა და სუჯუნაში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები შენდება.
სულ მალე, პატარები სკოლამდელ განათლებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გაუმჯობესებულ გარემოში მიიღებენ.
სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content