საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა

დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. მინდა, მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება.
განსაკუთრებით ვულოცავ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას ჩვენს პირველკლასელებს. მათთვის ხომ ჯერაც ამოუცნობი, თუმცა საინტერესო და ემოციით სავსე გზა იწყება.
ვულოცავ პედაგოგებს, ისინი თავიანთი პროფესიონალიზმითა და თავდაუზოგავი შრომით ემსახურებიან ჩვენ ქვეყანას, დიდია ის როლი და პასუხისმგებლობა, რაც მათ აქვთ აღებული მომავალი თაობების წინაშე.
სახელმწიფოს პრიორიტეტი არის განათლება, ბევრი ახალი სკოლა და მოწესრიგებული სასწავლო გარემო.
აბაშის მუნიციპალიტეტში შენდება სოფელ კეთილარის შერწყმული (გულეიკარის დაწყებითი კორპუსი) სკოლა, ასევე, რეაბილიტაცია უტარდება სეფიეთის, ნოღოხაშის საჯარო სკოლებს. იგეგმება კიდევ ერთი ახალი სკოლის მშენებლობა.
უკვე დასრულდა მარნის სკოლის სრული რეაბილიტაცია და დღეს მარნელმა მოსწავლეებმა განათლების თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში, განსაკუთრებით საზეიმოდ აღნიშნეს სწავლის დაწყება.
ყველა სკოლის მოსწავლე უზრუნველყოფილია წიგნებით, ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს საჯარო სკოლების პირველკლასელებმა და დამრიგებლებმა მიიღეს პორტაბელური კომპიუტერები.
ანაზღაურება გაეზარდათ უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, ასევე საჯარო სკოლების დირექციას, ტექნიკურ პერსონალს, სკოლის ექიმებს და ინკლუზიური განათლების სპეციალისტებს.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით საჯარო სკოლების მოსწავლეთა და პედაგოგთა უფასო ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია.
მნიშვნელოვანია, რომ წელს მეორედ, აბაშის მერია აბაშელ სტუდენტებს, რომლებმაც 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით სახელმწიფო გრანტი (100% საგრანტო ქულა) მოიპოვეს ფულად ჯილდოს გადასცემს.
2024 წლის 1 ივლისიდან მოქმედებს მასწავლებლების შრომის ანაზღაურების ახალი სახელფასო სისტემა, რომლის მთავარი პრინციპი სკოლებში ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად სამართლიანი, გამჭვირვალე ანაზღაურების სისტემის შექმნაა. კერძოდ, საჯარო სკოლის ყველა სტატუსიან და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზარდა.
განათლებული თაობა საქართველოს წინსვლის მყარი საფუძველია. მჯერა, ჩვენი ახალგაზრდები არაერთხელ ასახელებენ სამშობლოს და მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამენ ქვეყნის საკეთილდღეოდ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, წარმატებულ ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ!
გიგა გაბელაია,
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content