საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარნის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.
ახლად რეაბილიტირებულ სკოლას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე ესტუმრა, განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო და სასკოლო საზოგადოებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საგანმანათლებლო სივრცეში სასწავლო პროცესის გაგრძელება მიულოცა.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ვიბლიანი და აბაშის მუნიციპალიტეტის მერი გიგა გაბელაია, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ესწრებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა მარნის საჯარო სკოლის მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა და მათთან სხვადასხვა აქტუალური საკითხი, მათ შორის პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკა და მათი პროფესიული განვითარების კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილა.
შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე წულაძემ სოფელ მარნის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
200 მოსწავლეზე გათვლილი მარნის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 2,5 მლნ ლარზე მეტია.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში, სასწავლო სივრცეების პარალელურად, ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, ბიბლიოთეკა, ბუფეტი და სპორტული დარბაზი.
სკოლა სრულად არის ადაპტირებული – მოეწყო ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი.