3 დეკემბერს, შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მარნის საჯარო სკოლაში გაიმართა კონფერენცია თემაზე: ,,ინკლუზიური საზოგადოება – თანაბარი შესაძლებლობების გარანტი“.
შეხვედრას ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს შესაბამისი სამსახურებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები, სპეციალური მასწავლებლები, აბაშის შშმ პირთა ორგანიზაცია ,,სიკეთის მაძიებელის“ წარმომადგენლები.
შეხვედრაზე, 2024 წელს განხორციელებული და 2025 წელს მუნიციპალური ბიუჯეტით გათვალისწინებული, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამით შშმ პირთა მიმართ გაწეული ფინანსური და მატერიალური დახმარების შესახებ ისაუბრა აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, მამუკა თელიამ.
კონფერენციაზე, ინკლუზიური განათლების მიმართულებით მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობაზე, საუკეთესო პრაქტიკის მქონე სკოლების გამოცდილებაზე, შშმ პირების ისტორიებზე ისაუბრეს, აბაშის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ნატა გელიტაშვილმა, მარნის საჯარო სკოლის სპეციალურმა მასწავლებელმა, ნანა ქაჯაიამ, მაიდნის საჯარო სკოლის სპეციალურმა მასწავლებელმა, მზისადარ ჯანაშიამ, აბაშის შშმ პირთა ორგანიზაცია ,,სიკეთის მაძიებელის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ჭანტურიამ.
მოეწყო სსსმ ბავშვების მიერ შესრულებული ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.
ღონისძიება მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.











