აბაშის მუნიციპალიტეტის დასახლებებში ამომრჩევლებთან კონსულტაციები იწყება

აბაშის მუნიციპალიტეტის დასახლებებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და ამომრჩევლებთან კონსულტაციები იწყება.
2026 წელს, აბაშის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 500 000 ლარი დაიხარჯება.
თითოეულმა სოფელმა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო. ადგილობრივი მაცხოვრებლები ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვეტენ, რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.
მოქალაქეებისგან საპროექტო წინადადებები მიიღება 9 თებერვლამდე, მერიის ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიის წარმომადგენლობებში ყოველდღე, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ საპროექტო წინადადებები შემდეგი მიმართულებით:
სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.); სარწყავი სისტემები; სანიაღვრე არხები; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზები და გზისპირა მოსაცდელები, აგრეთვე ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა; ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები; გარე განათება; სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა; სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი; ამბულატორიის შენობები; სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა; სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი; სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით; წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი; მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა; გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება.
საკონსულტაციო შეხვედრები 13 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.
პროექტი ცენტრალური ხელისუფლების დაფინანსებით ხორციელდება.

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content