რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა რეგიონის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის განხილვას დაესწრნენ.
აბაშის მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი რეგიონული განვითარების მინისტრ კახაბერ გულედანს, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ წარუდგინა.
განხილვაზე მერმა დეტალურად ისაუბრა აბაშის მუნიციპალიტეტის 2026-2037 წლების განვითარების ხედვაზე, ძირითადი მიზნებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
მუნიციპალიტეტის სტრატეგიულ დოკუმენტში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე და მუნიციპალიტეტის პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებაზე. აბაშის მუნიციპალიტეტი უნდა გახდეს ეკოლოგიურად უსაფრთხო, ეკონომიკურად მდგრადი, ტურისტულად მიმზიდველი, ინფრასტრუქტურულად გამართული, ხარისხიანი განათლებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე ორიენტირებული ქალაქი.
აბაშის მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიულ დოკუმენტში ყურადღება ეთმობა ინფრასტრუქტურის განვითარებას, გზების, ტროტუარების, სანიაღვრე არხების, განათების ბოძების, გაჩერებების მოწყობას, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ავტოსადგურის მშენებლობა და ავტობუსებისა და მიკროავტობუსების შეძენა, რაც მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კომფორტულ გადაადგილებას.
ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი სოფლების გაზიფიცირებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აბაშის მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიულ დოკუმენტში, დაგეგმილია აბაშაში წყალარინების ქსელის, გამწმენდი ნაგებობისა და გადამქაჩი სადგურის და სოფლებში წყალმომარაგების ქსელის მოწყობა, რის შემდეგადაც შესაძლებელი იქნება მოსახლეობის 100 %-ის უზრუნველყოფა 24 საათიანი ხარისხიანი სასმელი წყლით.
დოკუმენტი მოიცავს სპორტული, საგანმანათლებლო და კულტურული ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის მულტიფუნქციური ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობას, პროფესიული განვითარებისა და კარიერული დაგეგმვის ხელშეწყობას, მუნიციპალიტეტში ყველა საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია/მშენებლობას. მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობას (ადაპტირებული შშმ პირებზე), ფეხბურთის მოედნების მშენებლობა/რეაბილიტაციას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, რაგბის მოედნის, კალათბურთის, მინდვრის ჰოკეის და ტენისის მოედნის მშენებლობას.
დაგეგმილია აბაშის მუნიციპალიტეტში (სეფიეთი, ქოლობანი, ზანათი, მაიდანი, სუჯუნა) მდინარის კალაპოტის ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება, სოფელ კოდორში მდინარე რიონზე საბორნე გადასასვლელის მოწყობა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები.
მუნიციპალიტეტებში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დავალებით ხორციელდება. პროცესის კოორდინაციას რეგიონული განვითარების სამინისტრო ახორციელებს.
აღნიშნული სტრატეგიული დოკუმენტი თვითმმართველობის მთავარ სახელმძღვანელოს წარმოადგენს და ორიენტირებულია მუნიციპალიტეტის ფინანსური დამოუკიდებლობის ეტაპობრივ უზრუნველყოფასა და ეკონომიკური, სოციალური და ტურისტული პოტენციალის ეფექტიან რეალიზაციაზე, რაც საბოლოოდ მიმართულია მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისკენ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი ილია ინჯია, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები, რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.








