საქართველოს მთვარობის 2024 წლის 27 დეკემბრის № 451 „საქართველოს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების საფუძველზე, 2026 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალებების რეგისტრაცია სავალდებულო გახდა. ამასთან, გარკვეული ტიპის მცურავი საშუალებების ოპერატორებისთვის სავალდებულო გახდა შესაბამისი მართვის სერტიფიკატის ფლობა.
დამატებით გაცნობებთ, რომ სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 5 ივლისის № 09 „გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ“ ბრძანების 1-ლი მუხლის მე-42 პუნქტის შესაბამისად, შიდა სახმელეთო წყლების გემების წიგნში რეგისტრაციას არ ექვემდებარება:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მფლობელობაში არსებული მცურავი საშუალებები;
3 მეტრზე ნაკლები სიგრძის ძრავის არმქონე მცურავი საშუალებები;
3 მეტრზე ნაკლები სიგრძის ძრავიანი მცურავი საშუალებები, რომელიც გამოიყენება პირადი დანიშნულებით;
კანოე, კაიაკი, გონდოლა და წყლის ველოსიპედი;
მცურავი საშუალება, რომელიც აგებულია აღიარებული ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს/ორგანიზაციის მიერ ტექნიკური ზედამხედველობის გარეშე ან/და აგებულია ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ, თუმცა მცურავ საშუალებაზე განხორციელებულია ისეთი კონსტრუქციული ცვლილება, რომლის შედეგადაც იგი გადაკეთებულია რესტორნად ან სხვა სტაციონარული კომერციული დანიშნულების ობიექტად.