აბაშის მუნიციპალიტეტში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
ამ დღესთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან, ახალგაზრდებთან ერთად საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო.
„საქართველოვ, ჩემი გული სანთელივით უნდა გენთოს…“-ქართული მუსიკის კონცერტი ხელოვნების სკოლის საკონცერტო დარბაზში გაიმართა. შესრულდა ვაჟა აზარაშვილის საფორტეპიანო ნაწარმოებები და საესტრადო სიმღერები. საქართველოს ხელოვნების აკადემიის ორგანიზებით გამართულ სენაკის ”დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ხელოვნების ფესტივალში”, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის პატრონაჟით ტარდება, ხელოვნების სკოლის სამუსიკო განყოფილების საფორტეპიანო და სიმღერის სპეციალობის მოსწავლეებმა წარმატებით მიიღეს მონაწილეობა. საპატიო სიგელები მოსწავლეებს გიგა გაბელაიამ გადასცა.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ფოიეში აბაშელ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
17:10 საათზე, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფების მიერ შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
დასკვნითი საზეიმო კონცერტი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში გაიმართა.
საზოგადოებას ეს დღე მიულოცა და სიტყვით მიმართა აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ.
„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, ჩვენს უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს – 26 მაისს. ქართველმა ხალხმა თავისი ისტორია ეროვნული თავისუფლებისთვის თავგანწირულ ბრძოლაში გამოატარა. მათ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, 1918 წლის 26 მაისს, ასრულდა ყველა ქართველის საუკუნოვანი ოცნება და ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.
დღეს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა, მისი და ზვიად გამსახურდიას თავგანწირულმა სულისკვეთებამ შეგვაძლებინა სუვერენული უფლებების აღდგენა. ვალდებულნი ვართ, არასოდეს დავივიწყოთ ისინი.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს განსაკუთრებით ვულოცავ ქართველ ჯარისკაცებს, ემიგრანტებს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველებს, მედიკოსებს, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველო.
პატივს მივაგებთ ყველა იმ გმირს, რომელთაც საუკუნეთა განმავლობაში სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლას შესწირეს თავი.
საქართველო თავისი წარსულითა და მომავლით ყოველთვის იყო და არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. 26 მაისის კონცეფციაც ესაა #ევროპისკენ-საქართველოს განაცხადი ნათელი და მკაფიოა – დღეს, ჩვენ, ერთად ვთანხმდებით, რომ გვსურს დავბრუნდეთ ევროპულ ოჯახში – ჩვენი ღირებულებებით, ჩვენი ისტორიით, ჩვენი ფასეულობებით და ჩვენი დამოუკიდებლობით,“-აღნიშნა თავის გამოსვლაში გიგა გაბელაიამ.
26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ჰარირა“, ასევე საბავშვო ქორეოგრაფიული ანსამბლები: „იმედი“ და „ანანური“, ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლები „ჯარგვალი“ და „ბერეხა“, ხელოვნების სკოლის კვინტეტი, საესტრადო მომღერლები.
ღონისძიება მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განვითარების სამსახურისა და კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content