დღეს წყემის ადმინისტრაციულ ერთეულში, პროექტ ,,მე, ახალგაზრდა ლიდერის“ ფინალური ტური გაიმართა

დღეს წყემის ადმინისტრაციულ ერთეულში, პროექტ ,,მე, ახალგაზრდა ლიდერის“ ფინალური ტური გაიმართა.
ახალგაზრდებმა საინტერესოდ და შთამბეჭდავად წარმოადგინეს საფინალო თემა: „ჩემი მუნიციპალიტეტის განვითარების იდეა“. ისაუბრეს თავიანთ ხედვებსა და პროექტებზე, განვითარების ტენდენციებზე.
ფინალში მონაწილეობდა 6 კონკურსანტი: ბარბარე ჟღენტი, ანასტასია მიგინეიშვილი, ანნა კაჭარავა, ელენე ზანთარაია, თემო ლაბარტყავა, დაჩი ჯანგველაძე. გამოვლინდა გამარჯვებული ქალაქ აბაშის I საჯარო სკოლის მე-11-ე კლასის მოსწავლე, ანნა კაჭარავა, რომელმაც დაიმსახურა „ახალგაზრდა ლიდერის“ ტიტული. გამარჯვებულს დიპლომი და სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.
მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გელა ხოშტარიამ.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, მერის მოადგილე, გიგა ჯვარელია, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
„მივესალმები მსგავსი პროექტების განხორციელებას ჩვენს მუნიციპალიტეტში, სადაც ახალგაზრდებს საშუალება აქვთ ორგანიზებულად მიაწოდონ თავიანთი აზრი თვითმმართველობას, უზრუნველყონ თავიანთი ჩართულობა მუნიციპალიტეტის მართვის საქმეში, რაც ჩვენთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ ერთად უნდა ვუპასუხოთ გამოწვევებს, დავსახოთ გეგმები და აბაშის მუნიციპალიტეტი გავხადოთ კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე დღეს გვაქვს,“_აღნიშნა გიგა გაბელაიამ.
პროექტმა, ,,მე, ახალგაზრდა ლიდერი“, სტარტი რამდენიმე კვირის წინ აიღო. მონაწილეები სამოტივაციო წერილების საფუძველზე შეირჩნენ. კონკურსში ჩაერთო 24 ახალგაზრდა – მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების უფროსკლასელები. კონკურსი რამდენიმე ტურად გაიმართა, თითოეულ ტურში განსახილველი თემები განსხვავებული იყო: ,,მე და ჩემი თაობა“, ,,გლობალიზაცია საფრთხე თუ განვითარების შესაძლებლობა?“. მონაწილეებს აფასებდა კომპეტენტური ჟიური.
პროექტის მიზანია ლიდერის თვისებების მქონე ახალგაზრდების აღმოჩენა, წარმოჩენა და წახალისება. მათთვის დამატებითი მოტივაციისა და სტიმულის შექმნა. ახალგაზრდების საჯარო გამოსვლის, ორატორული უნარების დახვეწა და კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშეწყობა.
პროექტის ორგანიზატორია მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, მხარდამჭერი ა(ა)იპ აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრი
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content