დღეს ხელოვნების სკოლის დარბაზში აბაშელი პოეზიის მოყვარულები არაერთი პრემიის ლაურეატს, აბაშელ პოეტს და მთარგმნელს, ბათუ დანელიას შეხვდნენ

დღეს ხელოვნების სკოლის დარბაზში აბაშელი პოეზიის მოყვარულები არაერთი პრემიის ლაურეატს, აბაშელ პოეტს და მთარგმნელს, ბათუ დანელიას შეხვდნენ.
პოეტის შემოქმედებით საღამოს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, პოეტის შემოქმედების თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ.
პოეტის შემოქმედების მხატვრულ თავისებურებებზე, მის პოეზიაზე, ბათუ დანელიას, როგორც პიროვნებისა და შემოქმედის ღვაწლზე ისაუბრეს პოეტებმა: გიზო თავაძემ, ჭაბუკ ქოიავამ, მანანა ტონიამ და სხვა გამომსვლელებმა. პატარა დეკლამატორებმა ბათუ დანელიას ლექსები წაიკითხეს. შესრულდა მუსიკალური ნომრები.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, ბათუ დანელიას გადასცა ხეზე შესრულებული წიგნის მონუმენტი და სასაჩუქრე ვაუჩერი.
პოეტმა თავისი მრავალფეროვანი შემოქმედებიდან რჩეული ლექსები წაუკითხა მსმენელებს. მისი პოეზია თავისი უშუალობით, მძლავრი პათოსით ხიბლავს მკითხველს, განსაკუთრებულია, რადგან ქვეყნისა და ადამიანების სიყვარულითაა განმსჭვალული.
მხატვარმა აზა კორძახიამ ადგილზე შექმნა ფერწერული ნამუშევარი „თოვლის მეფის“ თემატიკაზე.
ღონისძიების მონაწილეებს საჩუქრად გადაეცათ ბათუ დანელიას ლექსების კრებული „თოვლის ტენორი“.
მიმდინარე წელს თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქად გამოცხადდა, ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავად გამართულ კვირეულის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა პროექტი სიმონ ჩიქოვანისა და კონსტანტინე გამსახურდიას მუზეუმებში, ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. სწორედ წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ჩატარებული კვირეულის შემაჯამებელ საღამოზე მოეწყო შეხვედრა პოეტ, ბათუ დანელიასთან.
ღონისძიება აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content