არა ფემიციდს

სენაკის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა, გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის – „არა ფემიციდს“ ფარგლებში, შეხვედრა გამართეს.
საინფორმაციო შეხვედრა, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში, ადგილობრივ მოსახლეობასთან გაიმართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, მოადგილე, გიგა ჯვარელია და მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები.
გამართული შეხვედრის ფარგლებში პროკურორებმა ინფორმაცია მიაწოდეს ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და არსებული გამოწვევების შესახებ, ასევე მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება ფემიციდის დანაშაულებებთან დაკავშირებით.
ასევე, ისაუბრეს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის თაობაზე, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები მსგავსი კატეგორიის დანაშაულებში და მათი მოვალეობა სწორედ დაზარალებულთა და მსხვერპლთა მხარდაჭერა და გაძლიერებაა.
შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზებს, გენდერული სტერეოტიპების განხილვას, ასევე რა ბარიერებს აწყდებიან ქალები, როდესაც ისინი ძალადობის მსხვერპლები ხდებიან.
შეხვედრები ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა.
ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა.
სწორედ ამ მიზნით, სპეციალიზებული პროკურორები საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში აქტიურად განაგრძობენ საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content