კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა

კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ხელოვნების სკოლაში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა.
კონცერტში პედაგოგ, ინგა ოდიშარიას დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, მრავალი კონკურს-ფესტივალის ლაურეატები, ნინი ხორავა და სალომე ნადარეიშვილი, VI კლასის მოსწავლე, ლიზი მაცაბერიძე მონაწილეობდნენ. კონცერტზე გაჟღერდა უცხოელ და ქართველ კომპოზიტორთა საფორტეპიანო ნაწარმოებები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, მოადგილე, გიგა ჯვარელია, მერიისა და კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის წარმომადგენლები, ხელოვნების სკოლის პედაგოგები.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ საჩუქრებითა და მადლობის სიგელებით დააჯილდოვა ხელოვნების სკოლის წარმატებული პედაგოგები: ინგა ოდიშარია და შაქრო ტყვაცირია, ასევე, მადლობის სიგელები გადაეცათ ხელოვნების სკოლის სხვა პედაგოგებსა და მოსწავლეებს.
„სახელოვნებო განათლებაზე ხელმისაწვდომობა კულტურასა და შემოქმედებით პროცესებში ახალგაზრდების თანაბარი ინტეგრაცია, ხელოვნების სკოლების პედაგოგების მხარდაჭერა, მათთვის სათანადო პირობების შექმნა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ სახელოვნებო წრეებს, ახალგაზრდებს მივცეთ საშუალება კიდევ უფრო მეტად განავითარონ ნიჭი, გამოიყენონ შესაძლებლობები. საამაყოა რომ აბაშის ხელოვნების სკოლის მოსწავლეები ასეთ წარმატებებს აღწევენ და ასახელებენ პედაგოგებს, სკოლას, მუნიციპალიტეტს. კვლავაც წარმატებებს ვუსურვებთ მათ,“-აღნიშნა გიგა გაბელაიამ.
კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნანი ბოკუჩავამ სკოლის 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში გაწეული მუშაობისა და კონკურს-ფესტივალებზე მიღწეული წარმატებების შესახებ ისაუბრა.
კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ხელოვნების სკოლაში ფუნქციონირებს სამუსიკო (სპეციალობები: ფორტეპიანო და სიმღერა), ქორეოგრაფიული, სამხატვრო, ფოლკლორისა და გალობის განყოფილებები, სადაც 237 მოსწავლე ეუფლება ხელოვნების სხვადასხვა დარგს.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content