აბაშის სასკოლო იუმორისტული ფესტივალის – „ქართული ლიგის“ ფინალი გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში „ახალგაზრდული დღეები აბაშა-2023“-ის ფარგლებში აბაშის სასკოლო იუმორისტული ფესტივალის – „ქართული ლიგის“ ფინალი გაიმართა.
მხიარულ პაექრობაში ხუთი სასკოლო გუნდი მონაწილეობდა: „დოდოს ოხრები“ (პირველი საჯარო სკოლა), „ყოროფა“ (ზანათის საჯარო სკოლა), „სულ დუდუნი“ (ტყვირის საჯარო სკოლა), „მაისელები“ (პ/მაისის საჯარო სკოლა), “სულ გვშია“ (სამიქაოს საჯარო სკოლა).
გუნდებმა სახალისო იუმორისტული ნომრები წარმოადგინეს, რომელსაც აფასებდა ჟიური: აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, აბაშის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის უფროსი, ლადო ავალიანი, „ღამის შოუს“ სცენარისტი და წამყვანი გიორგი გაბუნია, პროდიუსერი-ზვიად ბლიაძე, „გიორგი გაბუნიას ღამის შოუს“ სცენარისტი სანდრო ესაკია.
ღონისძიებაზე, გულშემატკივრების წინაშე რამდენიმე ნომრით წარდგა „ქართული ლიგის“ აბაშის გუნდი „სულგუგუნი“.
მხიარული და სახალისო ნომრების შემდეგ გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი – „სულ გვშია“ (სამიქაოს საჯარო სკოლა).
ნომინაცია „ჟიურის სიმპატია“ წილად ხვდა „დოდოს ოხრებს“ (პირველი საჯარო სკოლა), ხოლო „საუკეთესო მოთამაშე“ ერგო ტყვირის გუნდის მონაწილეს ბარბარე ჟღენტს, ნომინაციებში გამარჯვებულებს გადაეცათ საჩუქრები და დიპლომები.
შეირჩნენ მონაწილეები, რომლებიც გუნდი „სულგუგუნის“ წევრებთან ერთად აბაშის სახელით წარსდგებიან საქართველოს ჩემპიონატზე.
ფესტივალი მიყავდა იუმორისტ ჯიმი აბესაძეს, გუნდებს სასცენარო-სარეჟისორო მომსახურებას უწევდა ,,ქართული ლიგის“ რედაქტორი, გივი მელაშვილი და ასისტენტები, „ქართული ლიგის“ აბაშის გუნდი „სულგუგუნის“ წევრები: გიორგი ხინტკირია და ლუკა გაბელაია.
ფესტივალის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერს, გიგა გაბელაიას, „ქართული ლიგის“ წარმომადგენლებსა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, გულშემატკივრები.
ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური და კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრი.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content