სახალხო დღესასწაული “აბაშობა-2023” აღინიშნება

აბაშის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული “აბაშობა-2023” აღინიშნება.
დღესასწაულის ფარგლებში ჩატარდა საპატიო აბაშელების და კონსტანტინე გამსახურდიას სახელობითი მედლებით დაჯილდოების ცერემონია.
„ვულოცავ ჩემს აბაშელებს ამ მნიშვნელოვან და ულამაზეს დღეს, დღესასწაული სასიამოვნო ტრადიციად იქცა აბაშელთათვის, სტუმრებისთვის, თითოეული სოფლისთვის, რადგან სწორედ დღესაა აქ წარმოდგენილი ხვავი, ბარაქა, სოფლის ძლიერება.
ამ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა ახლავს თან, მადლიერებას გამოვხატავთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით აბაშელების წინაშე, მართლაც დიდი ჯილდოა „საპატიო აბაშელის“ წოდება და თითოეულ მათგანს ვულოცავ დამსახურებულ ჯილდოს, ასევე ვულოცავ ჩვენს პედაგოგებს კონსტანტინე გამსახურდიას სახელობითი მედლით დაჯილდოებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კეთილარის საჯარო სკოლის პედაგოგს, ლუარა სურმავას დღეს გადავეცით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სიგელი და სამკერდე ნიშანი ,, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი“.
„აბაშობა“ ეს გახლავთ ერთობის, სიყვარულის, სიკეთის დღე. ჩვენი დაუღალავი შრომით, ერთად დგომით, ქვეყნის ხელისუფლების მხარდაჭერით წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ, ვაკეთოთ დიდი საქმეები და სიახლეები შევიტანოთ მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ „აბაშობას,“-აღნიშნა გიგა გაბელაიამ.
„საპატიო აბაშელის წოდება“ მიენიჭათ:
იაგო ხელიას, ექიმს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გულ-სისხლძარღვთა კათეტერიზაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელს, კარდიოლოგ-ინტერვენციონისტს, ჩატარებული აქვს 20 000-ზე მეტი კორონოგრაფია და კორონარული ანგიოპლასტიკა. მისი ხელების დამსახურებაა ბევრი გადარჩენილი სიცოცხლე, კმაყოფილი და გამოჯანმრთელებული პაციენტი.
ანზორ თორდიას, სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლ ,,ჰარირას“ ერთ-ერთ დამაარსებელს, ექვსი ათეული წლის მანძილზე მის უცვლელ მთავარ ქორეოგრაფს, მრავალი ფესტივალ-კონკურსის ლაურეატს, ,,ოქროს მედლების“, ,,ამაგდარი ქორეოგრაფის“ წოდების მფლობელს, ,,ღირსების ორდენის კავალერს“, მაღალი რანგის ხელოვანს, პროფესიონალს, ბატონ ანზორს ძველი მეგრული სარიტუალო და საფერხულო ცეკვებიდან აღდგენილი აქვს ,,კირიალეისა“, ,,აბარბალი“, ,,ჯარალუა“, „ხეხუჯი ძაბრათი“, „ოსხაპუე“. დადგმული აქვს: ,,მეგრული ქორწილი“, ,,ჯარალუა ჰარირათი“, ,,ჯარალუა ჯანსულოთი“, ,,ყონური“(ბექია), ,,ჯანსულო“, საცეკვაო კომპოზიციები.
მნიშვნელოვანია, რომ 1984 წელს საქართველოს კულტურის მინისტრის ბრძანებით „პირველი კატეგორიის ქორეოგრაფის“ წოდება მიენიჭა. არის არაერთი ჯილდოს მფლობელი.
ანდრო კაჭარავას, ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის დამფუძნებელს (2004 წელი) და მის სპიკერს, არის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ექსპერიმენტული ფიზიკის განყოფილების უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, ასევე, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის ბირთვული პრობლემების ლაბორატორიაში წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად, ოსაკას უნივერსიტეტში (იაპონია) მოწვეულ პროფესორად, ერლანგენის უნივერსიტეტში (გერმანია) იყო ასოცირებული მკვლევარი, იულიხის კვლევით ცენტრში (გერმანია )ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად, ანდრო კაჭარავა არის არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი და თანახელმძღვანელი.
მწერალ-აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის საპატიო ჯილდოები გადაეცათ:
ლუარა სურმავას, სოფელ კეთილარის საჯარო სკოლის პედაგოგს, საქართველოს დამსახურებულ მასწავლებელს, კეთილარის საჯარო სკოლაში მუშაობს 1968 წლიდან, იყო ამავე სკოლის დირექტორი. უშუალოდ მისი ინიციატივით აშენდა კეთილარის საჯარო სკოლის სამსართულიანი შენობა.
მაყვალა სერგიას, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის დირექტორს,
1973 წლიდან მუშაობს აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში, 1981 წლიდან ამავე სკოლის დირექტორია.
ნათელა ენუქიშვილს – აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარის საჯარო სკოლის ყოფილ პედაგოგს, ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, მსოფლიოს ხალხთა ცეკვების სტუდიის, ანსამბლ ,,სიჭაბუკის“ დამაარსებელს და მის უცვლელ ქორეოგრაფს, 2012 წელს დაჯილდოვდა ღირსების მედლით. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და საპატიო სიგელი.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content