ხელოვნების სკოლის ღონისძიება გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ხელოვნების სკოლის საკონცერტო დარბაზში, ხელოვნების სკოლის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
ხელოვნების სკოლის წარმატებული მოსწავლეების, ჯგუფების, ანსამბლების აკადემიური გუნდის მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა, სადაც შესრულდა საფორტეპიანო, საესტრადო, საგუნდო და ფოლკლორული ნაწარმოებები.
ღონისძიებაზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, კონკურსის „სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება” გამარჯვებული პროექტის, ,,ა(ა)იპ აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ხელოვნების სკოლისათვის როიალის შეძენა” პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში აბაშის ხელოვნების სკოლამ მაღალი ხარისხის მუსიკალური ინსტრუმენტი-როიალი შეიძინა.
გიგა გაბელაიამ მადლიერება გამოთქვა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების გამო. ხელოვნების სკოლის ხელმძღვანელს, ნანა კელაპტრიშვილს, პედაგოგებს მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის, მაღალი ხარისხის სასწავლო პროცესის წარმართვისა და მუნიციპალიტეტში სამუსიკო განათლების პრიორიტეტად ქცევისთვის. მოსწავლეებს კი წარმატებები უსურვა შემოქმედებით საქმიანობაში და განაცხადა, რომ წახალისების მიზნით, ხელოვნების სკოლის მუსიკალური განყოფილების ყველაზე წარმატებული მოსწავლე, საბა ყოჩიშვილი, ერთი წლის განმავლობაში მერის სტიპენდიას მიიღებს, ჩეხეთის ფესტივალში მონაწილე მოსწავლეები დაფინანსდებიან, პატარა მომღერლებისთვის ფორმებსა და სამხატვრო განყოფილებისთვის საჭირო ინვენტარს შეიძენენ, ხელოვნების სკოლის ყველა განყოფილებას სხვადასხვა სახის დახმარება აღუთქვა.
ღონისძიების დასასრულს, რესპუბლიკური, საერთაშორისო კონკურს-ფესტივალების გამარჯვებულების, ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content