აბაშის მუნიციპალიტეტში, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის, ქორეოგრაფიული ანსამბლ „ანანურის“ (ქორეოგრაფი-ელისო გაბელაია) შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მერის მოადგილეები, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ქორეოგრფიული კავშირის თავმჯდომარე, რომეო ბულია, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ანსამბლი „ანანური“ მაყურებლის წინაშე გრანდიოზული სოლო-კონცერტით წარსდგა. ქორეოგრაფიული ანსამბლის ორიგინალურმა რეპერტუარმა მაყურებლის გულწრფელი ოვაცია დიმსახურა. “ხორუმი”, “ნანინა”, “აჭარული”, “სამაია”, “ლეკური”, “ნარნარი”, “აფხაზური”, “განდაგანა” და ა.შ. სცენაზე ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ანსამბლის წევრები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. ქორეოგრაფიულ ნომრებს შორის ლექსებითა და სიმღერებით წარსდგნენ ინდივიდუალური შემსრულებლები.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერს, გიგა გაბელაიას ანსამბლის ხელმძღვანელმა, მოცეკვავეებმა მადლობა გადაუხადეს ანსამბლისა და ღონისძიების მხარდაჭერისათვის.
ღონისძიებაზე რომეო ბულიამ ღვაწლმოსილი ქორეოგრაფები დააჯილდოვა. ანზორ თორდიას „ქართულ ფოლკლორულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის“, თამაზ ჟღენტს კი „ქართულ საცეკვაო ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის“ მადლიერების სიგელები გადაეცა. ანსამბლ „ანანურის“ ახალგაზრდა ქორეოგრაფი, ელისო გაბელაია „ქართული ქორეოგრაფიის ამაგდარის“ წოდებით დაჯილდოვდა.
ანსამბლ „ანანურს“ დაარსების დღიდან არაერთ კონკურსში აქვს მონაწილეობა მიღებული და უამრავი პრიზისა და დიპლომის მფლობელია. წარმატებით ატარებს კონცერტებს, მონაწილეობს საქართველოში გამართულ თითქმის ყველა ქორეოგრაფიულ ფესტივალში.