უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა აბაშის მუნიციპალიტეტში

აბაშის მუნიციპალიტეტის მერია უამინდობის გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
თოვლისგან გაწმენდილია ცენტრალური და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები, ასევე, შიდა საუბნო გზები, გადაადგილება ყველა სოფელში თავისუფალია და უსაფრთხო.
გაწმენდით სამუშაოებში მუნიციპალური სამსახურებისა და გზების დეპარტამენტის ტექნიკა იყო ჩართული.
ამ დროისათვის ელექტროენერგია მიეწოდება აბონენტთა უმეტეს ნაწილს. ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბაშის სერვისცენტრის თანამშრომლები უწყვეტად აგრძელებენ აღდგენით სამუშაოებს.
უამინდობის გამო სააღმზრდელო და სასწავლო პროცესი საბავშვო ბაღებსა და სკოლებში გადადებულია 4 მარტამდე.
თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა აბაშის მუნიციპალიტეტის სუჯუნის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ შორენა ნიკოლაევის საცხოვრებელი სახლი დააზიანა და ოჯახის, რომელშიც სამი მცირეწლოვანი ცხოვრობს, უსაფრთხო ადგილას გადაყვანა გახდა საჭირო. ოპერატიული მოქმედების შედეგად, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიამ, სტიქიისგან დაზარალებული ოჯახი სასტუმროში დააბინავა.
მერიაში შექმნილია ცხელი ხაზი, შემოსულ ზარებზე ხდება დროული რეაგირება.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content