კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის კომპლექსის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძველ აბაშაში, ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით, კლასიკოსი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის კომპლექსის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ დროისათვის დასრულებულია პირველი ეტაპის სამუშაოები. აშენდა შესასვლელი, დაიგო ქვაფენილი, მოეწყო სამანქანო გზა, აშენდა ოდა სახლი, სამზადი, მარანი და სხვ.
სარეაბილიტაციო სამუშაოები აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, პირველ მოადგილესთან, ირაკლი პერტენავასთან და მოადგილესთან, გიგა ჯვარელიასთან ერთად დაათვალიერა.
სახლ-მუზეუმის კომპლექსური რეაბილიტაციისა და სამუზეუმო მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი უახლოეს დღეებში დაიწყება.
პროექტის მიხედვით, კომპლექსის მთავარი, თემატური საინტერპრეტაციო სივრცე თანამედროვე ტიპის ნაგებობაში მოეწყობა. საგამოფენო დარბაზი მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების ექსპონირებას დაეთმობა. საზოგადოებრივ-კულტურული აქტივობების ზონაში ღია ცის ქვეშ არსებულ სცენასა და კულისებს რეკონსტრუქცია უტარდება. ეს იქნება ადგილი, სადაც სპექტაკლები, კონცერტები, საიუბილეო და სხვა მასობრივი ღონისძიებები ჩატარდება.
მდ. ზანას ნაპირზე მოეწყობა თევზისა და კიბორჩხალას საჭერი ფაცერები. კონცეფციის მიხედვით გათვალისწინებულია კიდევ ერთი სამუზეუმო ზონა, რომლის სახელწოდებაა „ევროპისაკენ – დამოუკიდებლობით“, მუზეუმის ვიზიტორები კარიბჭიდან მიმავალი ცენტრალური ბილიკით კომპლექსის სიღრმეში გადაადგილდებიან.
სამუშაოებს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კონცეფციის მიხედვით ტენდერში გამარჯვებული კომპანია, „ივერთმშენი“ აწარმოებს. 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content