აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ააიპ „კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის“ თანამშრომლებს შეხვდა

დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების სამსახურისა და ააიპ „კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის“ თანამშრომლებს შეხვდა და მუნიციპალიტეტის განვითარების პროგრამული ხედვა გააცნო.
სამუშაო შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს კულტურის სფეროში არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებზე. განიხილეს ახალი ინიციატივები, სამოქმედო გეგმები და განხორციელების კონცეფციები.
გიგა გაბელაიამ ყურადღება გაამახვილა კულტურის განვითარებასა და აბაშის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის სათანადოდ წარმოჩენაზე, პერსპექტივებზე, არსებულ პრობლემებსა და შესაძლებლობებზე.
„აბაშა მდიდარი კულტურული ტრადიციების მქონე მუნიციპალიტეტია. სწორედ ამიტომ საჭიროა დღეს კულტურისა და ხელოვნების სფეროს ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდა, ღონისძიებების, სახელოვნებო პროექტებისა და სხვა აქტივობების განხორციელების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, რაშიც აუცილებელია ახალგაზრდების მეტი ჩართულობა. ჩვენ განვსაზღვრეთ ძირითადი პრიორიტეტები და მიზნები კულტურის განვითარებისთვის, რის შემდეგაც აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრება გახდება უფრო მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული“,_ აღნიშნა გიგა გაბელაიამ.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content