აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, ნაესაკოვოს ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა და მერის წარმომადგენელი, გოჩა ჭანტურაია წარუდგინა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, ნაესაკოვოს ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა და მერის წარმომადგენელი, გოჩა ჭანტურაია წარუდგინა.

მერმა ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული ბიბლიოთეკა დაათვალიერა და არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მისი განცხადებით, აუცილებელია წიგნადი ფონდის შევსება და ბიბლიოთეკის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობა, რადგან სოფელს ისეთი ბიბლიოთეკა სჭირდება, სადაც მოქალაქეები მაღალი ხარისხის მომსახურებას მიიღებენ და ინფრასტრუქტურაც გამართული იქნება.

გიგა გაბელაიამ ასევე, ცნობილი პოეტის, სიმონ ჩიქოვანის სახელობის სახლ-მუზეუმი დაათვალიერა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. როგორც მერმა აღნიშნა, ამ მუზეუმის მოვლა და თაობებისთვის გადაცემა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი მუნიციპალიტეტის სახელოვან ადამიანებს სათანადო დაფასება და პატივის მიგება სჭირდებათ. მათი არსებობა არანაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდების აღზრდის პროცესში. ამასთან ერთად, მუზეუმი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. დროულ რეაგირებას საჭიროებს სიმონ ჩიქოვანის სახლ-მუზეუმის წინაშე მდგარი გამოწვევები.

„ჩვენთვის უმთავრესია თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა და მათთვის შესაბამისი პირობების შექმნა. მიუხედავად ნაესაკოვოში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტისა, მოსახლეობის მთავარი გამოწვევა ისევ არის შიდა გზების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ადგილობრივების მხრიდან გამოკვეთილი პრობლემები გადაიჭრას.
დარწმუნებული ვარ, გოჩა ჭანტურაია ჩვენს გუნდთან ერთად ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს სოფლისა და მუნიციპალიტეტის წარმატებისათვის“,- აღნიშნა გიგა გაბელაიამ.

მერმა მადლობა გადაუხადა ნაესაკოვოს ადმინისტრაციული ერთეულის მერის ყოფილ წარმომადგენელს, თამაზ კუპრეიშვილს გაწეული საქმიანობისათვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, გია მიგინეიშვილი, საკრებულოს წევრი, კონსტანტინე კუჭუხიძე, მერიის სხვა წარმომადგენლები და ადგილობრივები.

გოჩა ჭანტურაია დაიბადა 1984 წლის 24 ოქტომბერს. დაამთავრა ნაესაკოვოს საჯარო სკოლა. 2002-2006 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ-ტექნიკურ ფაკულტეტზე, სახელმწიფო მართვის მოხელის სპეციალობით.
2015-2019 წლებში მუშაობდა აბაშის მუნიციპალიტეტში მერის წარმომადგენლად ნაესაკოვოს ადმინისტრაციულ ერთეულში.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content