აბაშის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ნუკრი ხასია, აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან, გიგა გაბელაიასთან, პირველ მოადგილესთან, ირაკლი პერტენავასთან და მოადგილესთან, გიგა ჯვარელიასთან ერთად, აბაშის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
ახალი სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, თავისუფლების ქუჩაზე რკინიგზის სადგურის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში იცვლება ვიტრაჟები და კარ-ფანჯრები. იცვლება სადგურის ბაქნები, კიბის საფეხურები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფასადს. მოეწყობა ტროტუარები, გამწვანება, პარკინგი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე რკინიგზაზე გადასასვლელ ხიდს.
ამ ეტაპზე მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ შენობებზე ვიტრაჟები მონტაჟდება, ეწყობა სადგურის ბაქანი.
აბაშა-გულეიკარი-ჯაპანის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ასფალტო-ბეტონის საფარი იგება 6 კმ-მდე გზაზე.
პროექტის ფარგლებში გზის სავალ ნაწილზე იგება ასფალტ-ბეტონის საფარი და ეწყობა ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი და მოეწყობა საგზაო ნიშნები, ეწყობა ბეტონის კიუვეტი.
აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძველ აბაშაში, ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით, კლასიკოსი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის კომპლექსის მშენებლობა-რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულებულია. პროექტის ფარგლებში აშენდა შესასვლელი, დაიგო ქვაფენილი, მოეწყო სამანქანო გზა, აშენდა ოდა სახლი, სამზადი, მარანი და სხვ. კომპლექსის მთავარი, თემატური საინტერპრეტაციო სივრცე თანამედროვე ტიპის ნაგებობაში მოეწყობა. საგამოფენო დარბაზი მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების ექსპონირებას დაეთმობა. საზოგადოებრივ-კულტურული აქტივობების ზონაში ღია ცის ქვეშ არსებულ სცენასა და კულისებს რეკონსტრუქცია უტარდება. ეს იქნება ადგილი, სადაც სპექტაკლები, კონცერტები, საიუბილეო და სხვა მასობრივი ღონისძიებები ჩატარდება.
სახლ-მუზეუმის კომპლექსური რეაბილიტაციისა და სამუზეუმო მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი უახლოეს დღეებში დაიწყება.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content