დღეს, აბაშის მუნიციპალიტეტში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის, რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ირაკლი პერტენავამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, გელა ხოშტარიამ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგეს, ყვავილებით შეამკეს საქართველოს ეროვნულ გმირთა, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის მემორიალური ქვა.
ამ მნიშვნელოვანი თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში. წარმოდგენილ იქნა საქართველოს ეროვნულ გმირთა, ზვიად გამსახურდიას, მისი ქრისტესმიერი ძმის, მერაბ კოსტავას ცხოვრებისა და მოღვაწეობის, საქართველოს უახლესი ისტორიის (9 აპრილი, 31 მარტი- რეფერენდუმის დღე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება) ამსახველი მასალები.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: საჯარო სკოლების მოსწავლეები, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლ ,,ჰარირას“ მომღერალ ვაჟთა გუნდი.
პირველი პრეზიდენტის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
1991 წლის 31 მარტს, ჩატარებულ რეფერენდუმზე, მოქალაქეთა 98,9 პროცენტმა დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“.
რეფერენდუმის შედეგები საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი გახდა. საქართველოს პირველ პრეზიდენტს, მწერალს, მთარგმნელს, დისიდენტს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს ეროვნულ გმირს, ზვიად გამსახურდიას 86 წელი შეუსრულდებოდა.