აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა 2022-2025 წლების ანგარიში წარადგინა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და აბაშის მუნიციპალიტეტში 2022-2025 წლებში შესრულებული საქმიანობის ანგარიში, მარნის ახლად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წარუდგინა.
მერმა ამომრჩევლებს გააცნო ოთხი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები: ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით.
2022-2025 წლებში, გიგა გაბელაიას მერობის პირველი ვადის პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა აბაშის მუნიციპალიტეტში:
ასფალტისა და ბეტონის საფარი დაიგო 91 კმ-ზე, ღირებულებით 22 811 300 ლარი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მოეწყო 13 ხიდი, ღირებულებით 2 021 500 ლარი, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო ავტომაგისტრალის მდ. ნოღელაზე მდებარე ხიდს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული 162 პროექტი, ღირებულებით 2 000 000 ლარი. აშენდა 5 საცხოვრებელი სახლი ღირებულებით 440 100 ლარი. აბაშის მუნიციპალიტეტში 5 მრავალსართულიან საცხოვრებელ ბინას ჩაუტარდა გადახურვის სამუშაოები, ღირებულებით 235 100 ლარი, ასევე გადაიხურა ქოლობნისა და ტყვირის საჯარო სკოლები, ღირებულებით 200 000 ლარი.
აბაშის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტაცია ჩაუტარდა 3 საჯარო სკოლას (მარანი, სეფიეთი და ნოღოხაში) და აშენდა გულეიკარის დაწყებითი სკოლა საერთო ღირებულებით 3 788 900 ლარი. აბაშის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება 4 საბავშვო ბაღი კეთილარში, სუჯუნაში, ნაესაკოვოსა და სამიქაოში ღირებულებით 5 108 000 ლარი. ხოლო რეაბილიტაცია უტარდება ქალაქ აბაშის N1 ბაგა-ბაღის შენობას, მაიდნისა და მარნის საბავშვო ბაღს, ღირებულებით 8 102 000 ლარი.
სამ სოფელში, ბულვანში, გუგუნაყათსა და ქოლობანში მოეწყო ბუნებრივი აირის ქსელი. აქ ინდივიდუალური გამრიცხველიანების შემდეგ 525 აბონენტი ისარგებლებს ბუნებრივი აირით.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქსელის მშენებლობა წალიკარში, გამოღმა ზანათში, ტყვირში, ცილორსა და სუჯუნაში, გეზათში, გულუხეთში, სამიქაოსა და მაიდანში.
გიგა გაბელაიამ ასევე ისაუბრა მუნიციპალიტეტის განვითარების სამომავლო გეგმებსა და ხედვებზე, მადლობა გადაუხადა გუნდის თითოეულ წევრს გაწეული სამსახურისთვის.
პრეზენტაციას მოქალაქეებთან ერთად მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content