ჩემო აბაშელებო, როგორც იცით, ახალი კორონავირუსი მსოფლიო პანდემიად გამოცხადდა. მთავრობის მიერ ყოველდღიურად ხდება რეკომენდაციების მიღება. საჭიროა გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ჩვენი, ჩვენი ოჯახის წევრებისა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების გამო.
კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მაქსიმალურად უნდა იქნას გათვალისწინებული.
ბუნებრივია, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად მთელი რიგი ღონისძიება გატარდა აბაშის მუნიციპალიტეტშიც: მერიაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ადგილზე გასვლით განახორციელებს სისტემატურ მონიტორინგს; მუნიციპალიტეტში არ გაიმართება საბჭოსა და კომისიების სხდომები, კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული აქტივობები არ ჩატარდება, დროებით შეჩერდა მოქალაქეთა მიღება,
თუმცა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება მოსახლეობისთვის სოციალური და ჯანდაცვის კუთხით მომსახურების გაწევა, ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ნებისმიერი წერილი თანდართული დოკუმენტაციით, შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: abashismeria@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის შემდეგ ნომრებზე: 599 85 58 12; 599 44 88 58.
ოცივე საბავშვო ბაღსა და ოცდასამივე საჯარო სკოლაში, სპორტული სკოლის დარბაზში, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრში, ადმინისტრაციულ შენობებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ასევე დეზინფექცია ჩაუტარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც საჯარო სკოლებში მოსწავლეთა ტრანსპორტირებას ემსახურება.
მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, არ იმოძრავებს შიდასამიმოსვლო ტრანსპორტი, დროებით დაიკეტა კაფე-რესტორანი, სილამაზის სალონები, სხვადასხვა სახის ელექტრო ტექნიკის მაღაზია.
მერიაში შექმნილი მოხალისეთა ჯგუფის ჩართულობით მზრუნველობამოკლებულთა სასადილოს ბენეფიციარებს ადგილზე მიეწოდებათ მათთვის განკუთვნილი სადილი, საბავშვო ბაღის აღსაზრდელები გაცდენილი დღეების საკვებს სახლში მიიღებენ. დეზინფექცია ჩაუტარდება დევნილთა ჩასახლების ობიექტებს.
აბაშის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური და მედიკოსები, შესაბამისი სამსახურები მზად არიან თითოეული მოქალაქის დასახმარებლად.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერია საჭიროების შემთხვევაში დამატებით ღონისძიებებს განახორციელებს.
კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გთხოვთ, გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, ყურადღება მივაქციოთ და გავითვალისწინოთ სპეციალისტების რეკომენდაციები, გავუფრთხილდეთ ირგვლივ მყოფთა სიცოცხლეს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
ლევან მაკალათია,
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი