თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში, მეთხილე ფერმერების თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს.

რეგისტრაციის მიმდინარეობას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მოადგილესთან, გიგა ჯვარელიასთან ერთად, ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულში გაეცნო.

პროგრამის შესახებ ინფორმაციას მეთხილე ფერმერებს ადგილზე აწვდიან სოფლის განვითარების სააგენტოს, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეთხილე ფერმერების მხარდასაჭერად, ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2-3 ჰექტრამდე თხილის ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებს.

სამი ჰექტარი ან მეტი თხილის ფართობის მქონე ფერმერები მიიღებენ შეღავათებს და შეძლებენ ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით საბრუნავი საშუალებებისთვის. სახელმწიფო სესხის 8%-ს დააფინანსებს.

პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებზე სუბსიდიის გაცემა მოხდება ლიბერთი ბანკის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით.

ქულების დარიცხვა დაიწყება 2023 წლის გაზაფხულზე. სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 აგვისტო.
მეთხილე ფერმერებმა, ფინანსური დახმარების მისაღებად, 2022 წლის 7 ნოემბრიდან 2023 წლის 31 იანვრამდე უნდა მოახდინონ თხილის ბაღების რეგისტრაცია თხილის კადასტრში.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content